დენის კულანინის საქმე – რუსი აქტივისტის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავენ შუამდგომლობით, რომ კულანინი ნებაყოფლობით გაუშვან მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში და არ მოხდეს მისი რუსეთში გაძევება.
ამ წუთებში მე უკვე ვამზადებ დაზუსტებულ პოზიციას, სადაც არ ვეთანხმები გაძევებას. თანახმა ვართ, რომ ნებაყოფლობით დატოვოს და სასამართლოს ვთხოვთ, რომ როდესაც მიიღებს აღნიშნულ ბრძანებას, დროულად შეგვატყობინოს, რომ იმავე დღეს ჩვენ შევიძინოთ მესამე ქვეყნის ავიაბილეთი და დენისმა დატოვოს საქართველო. ასევე, აღნიშნულ პოზიციაში ჩვენ მივუთითებთ, რომ ვერ ვხედავთ საქართველოში შემოსვლის 5 წლიანი აკრძალვის საშიშროებას. მე აღნიშნულ განცხადებაში მივუთითებ, რომ სასამართლომ შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს ბრძანების გამოცემა და შეგვატყობინოს დაუყოვნებლივ”, – ამბობს ადვოკატი ციალა რატიანი.
ადვოკატები მიმართავენ როგორც საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლოსაც – მეორე ინსტანციის სასამართლოში უფლებადამცველები 30 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, როდესაც სასამართლომ და მიგრაციის დეპარტამენტმა კულანინს არ დართეს ნება, რომ ის მესამე ქვეყანაში წასულიყო.
ერთმა ადვოკატმა წარადგინა პოზიცია, მეც ვაპირებ, რომ დამატებითი პოზიცია წარვადგინო მის გაძევების საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა საჩივარი შევიტანო სააპელაციო სასამართლოში, ვასაჩივრებ 30 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამი თვის განმავლობაში მოთავსდა მიგრაციის მოთავსების ცენტრში. გაძევების საკითხი ალბათ რუსეთში გააძევებენ, რადგან წარმოშობის ქვეყანაში უნდა მოხდეს გაძევება, სხვა მესამე ქვეყანაში ხომ არ გააძევებენ. მაგრამ მხარეს აქვს უფლება, რომ 7 თვის განმავლობაში თავისი ნებით დატოვოს ქვეყანა მის მიერ არჩეულ ქვეყანაში”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
დენის კულანინი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. რამდენიმე დღეში გაირკვევა დაადეპორტებენ თუ არა რუს აქტივისტს სამშობლოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მიგრაციის დეპარტამენტმა სასამართლოს გაძევების მოთხოვნით უკვე მიმართა. ახლა მთავარი კითხვაა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული სასამართლო და მისცემენ თუ არა ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ აქტივისტს მესამე ქვეყანაში წასვლის უფლებას.
