გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა – ამის შესახებ ინფორმაციას NYPOST ავრცელებს. გამოცემა გიორგი ბაჩიაშვილს მოიხსენიებს როგორც “ბიტკოინის იდუმალ ინვესტორს” და წერს, რომ მან ვილა “სწრაფად გაყიდა”.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ვილა მოიცავს ღამის კლუბს, აუზსა და 2 კერძო ნავსადგომს. აღნიშნულ თანხად უძრავი ქონების გაყიდვა ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის რეკორდულია. სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როდის გაყიდა ქართველმა ბიზნესმენმა ვილა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან 18 თებერვალს გაათავისუფლეს. როგორც მაშინ პროკურატურამ განმარტა, “ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე”. მისი ადვოკატის თქმით კი გიორგი ბაჩიაშვილს მიესაჯა ერთი წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა მას 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. 2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
