თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია სირანიშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენმა მის სახლში ჩხრეკის დროს თვითმკვლელობა სცადა.
უფლებადამცველის განმარტებით, თამაზ ელიზბარაშვილი აივნიდან გადახტომას აპირებდა მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ ძალადობდნენ შსს-ს წარმომადგენლების მის ოჯახის წევრებზე, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.
ია სირანიშვილი აღნიშნავს, რომ დაკავებული ბიზნესმენი “თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და ახლა დაუმორჩილებლობას ედავებიან”.
“როდესაც დაინახა ბატონმა თამაზმა ჩემი ცემა-ტყეპა, აქეთ მის ცოლს ხელი ჰკრეს და დააგდეს, მისი ბავშვებიც შეშინებული ტირილი, წივილი, გადაირია ადამიანი ამდენი ძალადობის შემხედვარე და დააპირა თვითმკვლელობა, კერძოდ აივნიდან გადახტომა და ამ დროს დააკავეს იმ მოძალადე პოლიციელებმა, რომლებმაც მე მცემეს. ადამიანი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე და აგერ ედავებიან დაუმორჩილებლობას.
ჩემს გარდა კიდევ არის ერთი ქალბატონი ნაცემი. როგორც ვიცი, მე რომ მცემეს, პარალელურად სცემდნენ მას,” – ამბობს ია სირანიშვილი.
გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით – სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.
