„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი თქმით, „რევოლუციურ პროცესებში“ ჩართვა და ამ გზით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურს.
ვოლსკის შეფასებით, ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შესაძლოა მისთვის თავდაცვის მექანიზმი იყოს. “ქართული ოცნების” წევრი არ გამორიცხავს, რომ ყოფილ პრემიერს ვინმე ურჩევდეს ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირებას და არწმუნებდეს, რომ ამ გზით მომავალში „თავისუფლებას“ მოიპოვებს.
„რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი – ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე – ის, რომ, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე. ადამიანმა რომ თავი მოიკლა დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი – არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება.
არაა გამორიცხული ვერსია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული. შეიძლება „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც, თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე ამ რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია.
მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს რიგით მეხუთე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად და ორივე ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ ზიანში თანამონაწილედ დაასახელა. ღარიბაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას – კაცის, რომელიც „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილს დადებითად, კობახიძეს კი კრიტიკულად აფასებდა და მას დავით-გარეჯის “გაყიდვაში” ადანაშაულებდა.
