საქართველოში ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შემოწმებაზე უარის თქმისა თუ თავის არიდების ფაქტებზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსით, 100 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, როგორც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმებთან შეუსაბამობისთვის, ასევე შემოწმებისთვის თავის არიდების ან შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევებისთვის.
ასევე კოდექსის მოქმედი რედაქცია 100 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, სხვა პირისთვის სამართავად იმ სატრანსპორტო საშუალების გადაცემაზეც, რომლის გამონაბოლქვიც დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება.
როგორც მთავრობის მიერ მომზადებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაშია აღნიშნული, ავტომობილის გამონაბოლქვზე შემოწმებისთვის თავის არიდებისა და უარის თქმის შემთხვევები ხშირია, რის გამოც მთავრობა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია ამ ტიპის დარღვევისთვის ადეკვატური სანქციის დაწესება.