სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმეტიკულს და რიგ შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი – გაცილებით ნაკლები.
ამასთან, აღსანიშნავია, ისიც რომ სპეციალისტების ნაწილი საშუალო ხელფასის მონაცემებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ხდება მანიპულაცია დარიცხულ და რეალურად ასაღებ თანხებს შორის განსხვავებით და გადასახადების გამოკლების შემდეგ მოქალაქეებს რეალურად დაახლოებით 1600-1700 ლარი რჩებათ.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, 2026 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თბილისში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი აღემატება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებულ მაჩვენებელს. კერძოდ, საქსტატის ცნობით, თბილისში საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი 2 779.6 ლარს შეადგენდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში რეგიონების მიხედვით:
თბილისი – 2 779.6 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 1 889.4 ლარი;
გურია – 1 458.7 ლარი;
იმერეთი – 1471.4 ლარი;
კახეთი – 1 418.5 ლარი;
მცხეთა-მთიანეთი – 2 188.8 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 223.3 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 587.9 ლარი;
სამცხე-ჯავახეთი – 1 520.8 ლარი;
ქვემო ქართლი – 2 011.4 ლარი;
შიდა ქართლი – 1 538.9 ლარი.
