ყოფილი პრემიერ-მინისტრის სკანდალური წერილის შემდეგ, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი საეჭვო თვითმკვლელობების სერიაზე საუბრობდა, ირმა ინაშვილი ითხოვს, რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ახლა დაპატიმრებულ ექს-მაღალჩინოსანს ციხეში საფრთხე ემუქრებოდეს.
“ჯვარი წერია, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება გამოგვიცხადონ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმაც თავი ჩამოიხრჩო საკანში” – ამბობს ინაშვილი.
პოლიტიკოსი, რომელი ღარიბაშვილის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს, აცხადებს, რომ სწორედ ექს-პრემიერმა ახადა ფარდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობას, სწორედ მან ისაუბრა საეჭვო თვითმვლელობებზე და ახლა მისი სიცოცხლე განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული.
როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხიდან აკეთებს ასეთ უმძიმეს განცხადებას, ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და მორჩა – ნიშნავს. ირაკლი ღარიბაშვილი რეალურად ფარდას ხდის კობახიძე-მდინარაძის მმართველობას. ანუ ამ ჯგუფისთვის უბრალო კრიტიკაც კი მტრობაა, არათუ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება. მდინარაძე-კობახიძე საკუთარი ბოროტი ქმედებების, უვიცობის, უცოდინარობის გადაფარვას წლებია სხვების გაშავებით ცდილობენ. ირაკლი ღარიბაშვილი ღიად უსვამს უკვე კითხვას ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე- რა იყო გარდაცვალების რეალური მიზეზი. ასევე სხვა ადამიანების თვითმვლელობებსაც ახსენებს და ცხადია, რომ ჩნდება კითხვები რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზეც, გლდანის ციხის უფროსის თვითმკვლელობაზეც, სუს-ის თანამშრომლების თვითმკვლელობებზეც. მე არ გამოვრიცხავ, რომ აი ამ კითხვების ადრესატები კვლავ კობახიძე-მდინარაძე იქნებიან. ცხადია, რომ ციხის პირობებში ღარიბაშვილის დაცვის ზომები უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან ღარიბაშვილი ამხელს კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს და პირდაპირ უსვამს კითხვას, ლაზარე ჯორბენაძის და სხვა ადამიანების თვითმკვლელობების შესახებ. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხდება და ძალიან სერიოზული შეკითხვები და ბუნებრივია, რომ ღარიბაშვილი საფრთხის ქვეშაა. ამიტომ მივმართავ მე შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს, რომ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გამოგვიცხადოდ, ჯვარი ეწეროს მას, რომ თავი ჩამოიხრჩო საკანში”, – ამბობს ირმა ინაშვილი.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
“მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს” – წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა – გაზეთ “ასავალ-დასავალის” რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.
