ლაშა ბერულავა გარდაცვლილ ბლოგერზე, დაურ ბუავაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დავუშვათ ის, რაც ასე უნდა ყოფილიყო: სუსი დაურს აკონტროლებდა, იცოდა როდის შედიოდა ბინაში, როდის გამოდიოდა, სად მიდიოდა და ა.შ. მოკლედ, დაკვირვებას აწარმოებდა და არ ერეოდა. როგორც ხდება. ახლა ამ მოცემულობას მივყვეთ:
იცოდნენ, რომ სახლიდან არ გასულა. იცოდნენ, რომ მასთან მივიდა უკრაინელი ქალი, სადღაც იანვარში გაცნობილი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა.
იცოდნენ, რომ წყვილი ბინაშია და ეგაა, გამოვიდა ქალი მეორე დღეს და წავიდა, დარჩა თვალთვალის ობიექტი სახლში.
რას იზამდა ამ დროს სხვა ქვეყნის სპეცსამსახური? ალბათ გადაამოწმებდა, ცოცხალია თუ არა, ვისაც უთვალთვალებს, ხომ ასეა?
და ჩვენ არ ვიცით, რა ქნა “ჩვენმა” სუსმა, იქნებ გადაამოწმა კიდეც და დაასკვნა რომ ზედოზირებით გარდაიცვალა.
რას იზამდა? თვითონ ხომ ვერ გაავრცელებდა ინფორმაციას, ეგ არაბუნებრივი იქნებოდა, გაჩნდებოდა კითხვა, საიდან გაიგო სუსმა მეზობლებზე ადრე?
ამიტომ დაელოდა მეზობლებს.
კარგი, მოკლედ, სუსმა იცის, რომ დაური გარდაცვლილია, ან დიდი ეჭვი აქვს რომ ასეა. ეჭვის ისრები მაშინვე უნდა წასულიყო პარტნიორი ქალისკენ, რომელიც საქართველოში იანვარში შემოვიდა, ფაქტობრივად მაშინვე დაუახლოვდა დაურს და მას პერიოდულად სტუმრობდა, ამავდროულად, დაურს ის მეგობრებისთვის არ წარუდგენია, არ გაუცნია, თუმცა, ბინაში ადრეც დაუტოვებია.
თუ ნარკოტიკების ოფიციალურად დასახელებულ ვერსიას მივყვებით, ეს გოგო უნდა ყოფილიყო ის, ვინც დაურს ნარკოტიკი პირველად გაასინჯა და ეს არ იყო ის დღე, როცა ზედოზირებით ორივე ცუდად გახდა და ქალი მდგომარეობიდან გამოვიდა, დაური კი ვერა.
თუ ეს ასეა, უნდა ჩავთვალოთ, რომ დაურის ახლობლებს ექსპერტიზის ჩაუტარებლად ცხედრის მიცემაზე მაგიტომაც ეუბნებიან უარს, რომ ექსპერტიზის დონეზე დადასტურდეს ნარკოტიკის არსებობა ორგანიზმში.
დაურ ბუავას ოჯახის ადვოკატი რომ დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს, ეგ კიდევ უკეთესია, რადგან ამ ექსპერტიზამ უნდა გვითხრას, რომ თუ დაურ ბუავას ორგანიზმში ნარკოტიკია, როგორ მოხვდა ის იქ?
მოწია? გაიყნოსა? შპრიცით შეიყვანა კუნთში? ვენაში? წყალში/კოკა-კოლაში გახსნა და დალია?
იქნებ ჯერ დააძინეს წყალში გახსნილი საძილე ფხვნილით და მერე შეუყვანეს ნარკოტიკი?
არ ვიცი, ასე დაწვრილებით პასუხის გაცემა შეუძლია თუ არა ექსპერტიზას, მაგრამ 21-ე საუკუნეა, ვვარაუდობ რომ – კი.
ამ ვერსიაში კიდევ ისაა უცნაური, რომ დაური, ეს საკმაოდ კონტაქტური და “მოთხოვნადი” ტიპი რატომ არავინ მოიკითხა არა ტელეფონით, არამედ ბინაზე მისვლით?
თუმცა იქნებ ჩვენ არ ვიცით და მივიდა კიდეც ვინმე, ვთქვათ, მესამე დღეს, როცა ტელეფონზე არ პასუხობდა. რა შეიცვლებოდა? დისტანციურად თუ ტელეფონზე არ პასუხობდა, ადგილზე მისვლის მერე ზარზე და კაკუნზე არ
უპასუხებდა და მომკითხავი იფიქრებდა, სადღაც წავიდა ან ბინაშია და კარს არ აღებს, სიმარტოვე უნდაო…
ასეა თუ ისე, ნარკოტიკების მოხმარება იმდენად ვერ თავსდება დაურ ბუავას ნატურასთან, რომ ეს ვერსია აშკარად იმაზე მეტის ცოდნას და მტკიცებას მოითხოვს, ვიდრე ვიცით…” – წერს ბერულავა.
