დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქალი ვალერია კირლიუკია. ამ წუთებში ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. მას განსაცდელში მიტოვებას ედავებიან. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარებს – სსკ-ის 128-ე და 115-ე მუხლებით.
“ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და 23-ში იყო დაურთან ერთად. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ამ გოგონასთან დაკავშირებით არ მაქვს. უკრაინის მოქალაქეა. რაც შეეხება მის გარდაცვალებას და ეჭვებს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და ასევე ჩვენც, ადვოკატები ვატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას. დღეს უნდა გამოვკითხოთ მისი მეზობლები და მისი მეგობარი გოგო… მე როგორც მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთი მოწმისგან, გარდა სოციალური ქსელისა, დაურზე დაახლოებით 7-8 თვის უკან მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით” [ფორმულა] | ამბობს დაურ ბუავას საქმის ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი.
დღეს პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი გუშინ, ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ბლოგერი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა. მანამდე შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბუავას ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა
