პატიმრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც დანაშაულის აღიარებას, მონანიებას ეფუძნება, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ადამიანებს საკუთარი თამაშისთვის პაიკებად იყენებდა.
„მისასალმებელია ნებისმიერი ჰუმანური აქტი, რომელიც დანაშაულის აღიარებას და მონანიებას ეფუძნება. საზოგადოებამ იცის, რომ ამ ადამიანებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო შეუწყნარებელი იქნება ყველა დანაშაულის მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ხდება დანაშაულის აღიარება და მონანიება, სახელმწიფო ჰუმანური იქნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების სურვილი თუ იქნება, მზად არის, სახელმწიფოს და საზოგადოების გვერდით დადგეს.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, გაგვიკვირდებოდა, თუ ამ ადამიანების თავისუფლება გაუხარდებოდათ, რადგან მათთვის ეს პროცესი პოლიტიკური შოუ იყო. ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის კონკრეტული მიზნით გაწირეს. იმ მიზნით, რომ თავიანთ მფარველებთან სახვეწარი და სავაჭრო ჰქონოდათ. ახლა როცა ხედავენ, რომ ისინი თავისუფლდებიან და მათ ვაჭრობის თუ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი არ აქვთ, ეს არ უხარიათ. ეს სხვა ადამიანებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან ამ პოლიტიკოსებისთვის ისინი არაფერს ნიშნავენ. მათი მიზანი მხოლოდ პაიკებად გამოყენებაა. თავად სახლში წავლენ და კანარის კუნძულებზე დაისვენებენ, რუჯს მიიღებენ, ამ ადამიანებს კი გაწირავენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
