27 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა “იბერია 1999”-მა მიხეილ მესხის სტადიონზე პოლონურ კლუბს – “იაგელონიას” უმასპინძლა.
პოლონეთში 4:0 მარცხის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონმა, ძალისხმევის მიუხედავად, საშინაო სტადიონზე ჩატარებული პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრაც დათმო.
მატჩის პირველი ტაიმი კვლავ მოწინააღმდეგე გუნდის მიერ, ანგარიშის გახსნით დაიწყო და ხესუს იმასმა, საპენალტე ნიშნულიდან წარმატებული დარტყმით, პოლონური გუნდი 31-ე წუთზე დააწინაურა.
მასპინძლებმა “იაგელონიას” სწრაფადვე უპასუხეს და 35-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, თუმცა ანდერს კლინგეს გოლით, 70-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდი კვლავ წინ გაიჭრა და მეორე მატჩიც სტუმრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ “იბერია 1999”-მა ევროპა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გუნდი კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას, ხოლო ის თუ ვის შეხვდებიან “წითელი არწივები” დღეს, 28 აგვისტოს წილისყრის შედეგად გახდება ცნობილი.
