80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი. მაყურებელმა ის განსაკუთრებით პენივაიზის როლით სტივენ კინგის “ეს“-ის ეკრანიზაციაში და ფრენკ-ენ-ფურტერის პერსონაჟით “როკი ჰორორის საშინელებათა შოუში“ გაიცნო.
ტიმ კარის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. მსახიობის მენეჯერის ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.
ტიმ კარი 1946 წელს ინგლისის ჩეშირში დაიბადა. სამსახიობო კარიერა ლონდონის ვესტ-ენდში დაიწყო, ფართო პოპულარობა კი 1975 წელს გამოსულმა ფილმმა “როკი ჰორორის საშინელებათა შოუმ“ მოუტანა.
ფილმში, ისევე როგორც მანამდე შექმნილ მიუზიკლში, კარი ექიმი-ტრანსვესტიტის, ფრენკ-ენ-ფურტერის როლს ასრულებდა.
“როკი ჰორორის საშინელებათა შოუს“ კინოგაქირავებაში თავდაპირველად დიდი წარმატება არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით ფილმმა საკულტო სტატუსი შეიძინა. დღემდე მისი სპეციალური ჩვენებები იმართება, სადაც ფანები მიუზიკლის პერსონაჟების მსგავსად გამოწყობილები მიდიან.
“როდესაც სცენარი წავიკითხე, ვიფიქრე, რომ ეს ძალიან, ძალიან ჭკვიანური და სასაცილო იყო“, – იხსენებდა კარი.
პენივაიზი – მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი
კარის კიდევ ერთი გამორჩეული პერსონაჟი პენივაიზი გახდა – ბოროტი კლოუნი 1990 წლის მინისერიალში “ეს“, რომელიც სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაციებს ხშირად აკრიტიკებდნენ, “ეს“ შედარებით დადებითად მიიღეს. განსაკუთრებული მოწონება კი ტიმ კარის თამაშმა დაიმსახურა.
პენივაიზის როლმა მისი გამომეტყველება და განსაკუთრებით დამახასიათებელი ღიმილი მაყურებლისთვის შემზარავ სიმბოლოდ აქცია.
“მარტო სახლში 2“, “სამი მუშკეტერი“ და სხვა ფილმები
ტიმ კარის კარიერა მხოლოდ საშინელებათა ჟანრით არ შემოიფარგლებოდა. მას ხშირად მეორეხარისხოვანი, თუმცა ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟების შესრულება უწევდა.
1992 წლის ფილმში “მარტო სახლში 2“ მან სასტუმრო “პლაზას“ კონსიერჟი, მისტერ ჰექტორი, ითამაშა, ხოლო 1993 წლის “სამ მუშკეტერში“ – კარდინალი რიშელიე.
ის ასევე მონაწილეობდა ფილმში “ნადირობა წითელ ოქტომბერზე“, სადაც ექიმ ევგენი პეტროვის როლი შეასრულა.
კარის პერსონაჟები ხშირად კომედიასა და საშინელებას შორის საზღვარზე იმყოფებოდნენ. მაგალითად, 1985 წლის ფილმში “Clue“ მან მოუსვენარი ბატლერი განასახიერა, რომლის პერსონაჟიც ფილმის ერთ-ერთ ალტერნატიულ დასასრულში წვეულების ყველა სტუმარს კლავს.
