„ოცნება“ მზადაა, რუსეთის წინაშე დაიჩოქოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან მიმართებით დუმილის პოლიტიკას ატარებენ და ამის მაგალითად ის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს, რომლებშიც, მისი თქმით, არც რუსეთი, არც აგრესია და არც უკრაინის გამარჯვება ყოფილა ნახსენები.
ზურაბიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი ქვეყნის მართვას ვეღარ ახერხებს, ხელისუფლების შიგნით კი უნდობლობა და დაპირისპირებაა. მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ “ოცნების” მმართველობა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.
დღეს ვინც არის სათავეში, ყველანი არიან მზად იმისთვის, რომ რუსეთის წინაშე დაიჩოქონ რეალურად და არაფერი თქვან. ამის მაგალითია კობახიძის და სხვების გამოსვლები და ეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, სადაც არც რუსეთს ახსენებენ, არც აგრესიას, არც გამარჯვებას – ეს სამი სიტყვა ამოღებულია მათი სიტყვის მარაგიდან.
დრო იწურება ამ რეჟიმისთვის, იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ ახერხებს, ვერ მართავს ქვეყანას, არც ვიცით, ვინ მართავს რეალურად – ივანიშვილი სადღაც არის, არაფორმალურად აღარ ჰქვია ამას, არსად ჩანს. ერთმანეთში აქვთ ისეთი უნდობლობა და ისეთი ერთმანეთის დასმენა, რომ მეტი არ შეიძლება. არაფერზე არ არის პასუხი, არაფერზე არავინ არ არის პასუხისმგებელი და მიდის ეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
