ალაპარაკდება თუ არა ლილუაშვილის წინააღმდეგ მისი ყოფილი მოადგილე და მარჯვენა ხელი ლევან ახობაძე? – კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ქართულ ოცნებაში” ერთი გუნდის წევრებმა ერთმანეთს მხილებების სერია მოუწყეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდება.
ლევან ახობაძის ადვოკატი, რაჟდენ კუპრაშვილი “პირველებს” კითხვაზე – მიმდინარეობს თუ არა დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანათან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი, არ პასუხობს.
უფლებადამცველის თქმით ლევან ახობაძე დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ესწრება ბატონი ლევანი თავის სასამართლო სხდომას, რაც შეეხება ჩვენების მიცემას, ის დუმილის უფლებას [იყენებს]. ბატონი ლევანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს წარდგენილ ბრალდებაში, ის სარგებლობს დუმილის უფლებით და ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა. მე გიდასტურებთ იმას, რომ ბატონი ლევანა ახობაძე სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებით, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მივყვებით სასამართლო პროცესს ჩვენი სიმართლის დასადასტურებლად. მე გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და არ შემიძლია ასე თამამად მტკიცებულებებზე გესაუბროთ. ისე რომ გითხრათ, არანაირი მტკიცებულება არ არის, ძალიან დაბალი სტანდარტია იმისთვის, რომ ადამიანი პატიმრობაში იყოს,” – ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი.
ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
