„თბილსერვის ჯგუფი“ გარე განათებისთვის 1.24 მლნ ლარის LED სანათებს შეიძენს – სად განთავსდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საჭიროებისთვის გარე განათების LED სანათების შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 248 500 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2 სექტემბერს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.
ტენდერის ფარგლებში ჯამში 3 000 LED სანათის შეძენაა დაგეგმილი. მათ შორის:
1 500 ცალი — 30 (±5) ვატიანი LED სანათი;
1 000 ცალი — 110 (±10) ვატიანი LED სანათი;
500 ცალი — 155 (±10) ვატიანი LED სანათი.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
რაც შეეხება ადგილს, სადაც განათებები განთავსდება, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით ეს არის თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის პირველი შესახვევი N7.
სატენდერო პირობების მიხედვით, სანათებზე საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წლით უნდა განისაზღვროს. საგარანტიო პერიოდში სანათის დეფექტის, ხარვეზის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება, საკუთარი ხარჯით, წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, დაზიანებული სანათი ახლით შეცვალოს.
ტენდერში მონაწილე კომპანიას 2025 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გასანათებელი მოწყობილობების, სანათების ან ნათურების მიწოდების არანაკლებ 249 700 ლარის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
სატენდერო დოკუმენტაციით ასევე განსაზღვრულია მკაცრი ტექნიკური მოთხოვნები. თითოეულ შემოთავაზებულ მოდელზე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ტესტირების ანგარიშები და სერტიფიკატები, მათ შორის LM-79, ვიბრაციისა და LM-80 ტესტირების დოკუმენტები. LED ჩიპის სიცოცხლის ხანგრძლივობა L90 პირობით არანაკლებ 100 000 საათი უნდა იყოს.
სანათებს უნდა ჰქონდეს DALI-ს პროტოკოლზე მომუშავე დრაივერი და NEMA 7-pin socket. ასევე დაშვებულია Zhaga მოწყობილობის გამოყენება, თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭიროა Zhaga-D4i შესაბამისობის სერტიფიკატის წარმოდგენა.
კომპანიებმა სატენდერო განაცხადთან ერთად შესაბამისი სანათების ნიმუშებიც უნდა წარმოადგინონ. ნიმუშებთან ერთად მატერიალურად უნდა იყოს წარმოდგენილი სანათების IES ფაილებიც.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის სახით სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტია უნდა წარადგინოს.
