ცხინვალთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ინტერესებში შედის – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა TACC-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე პერიოდულად აცხადებს მშვიდობიანობაზე, შეინიშნება საპირისპირო რიტორიკა, ხშირად პროვოკაციული ტონით.
“საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ახალ სახელმწიფოსთან აღიარება და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარება მის ინტერესებშია” – განაცხადა ახსარ ჯიოევმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობისმოყვარეობის შესახებ პერიოდული განცხადებების მიუხედავად, ქართული მხარე ამჟამად საპირისპირო რიტორიკას ავლენს, ხშირად პროვოკაციული ტონით.
„სამხრეთ ოსეთისთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე საქართველოს უარის ფონზე. აშკარაა, რომ ქართული მხარის ასეთი პოზიცია არ უწყობს ხელს ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და რეგიონში სტაბილურობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანასწორ და პატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგს მოლაპარაკებების პროცესში და ვცდილობთ, საერთაშორისო დისკუსიები კონკრეტულ, ეფექტურ შედეგებამდე მივიყვანოთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ღია და კონსტრუქციული მიდგომა არსებული გამოწვევების გადაჭრისა და ახალი საფრთხეების თავიდან აცილების გასაღებია“ – განაცხადა ჯიოევმა.
