თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი ბიზნესები ივანიშვილმა საქართველოში საკუთარი მეუღლის, ეკა ხვედელიძის სახელზე გადმოარეგისტრირა – წერს კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში:
“ივანიშვილის გაქცევა ოფშორებიდან ფაქტობრივად სრულდება.
თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი ბიზნესები ივანიშვილმა საქართველოში გადმოარეგისტრირა საკუთარი მეუღლის ეკა ხვედელიძის სახელზე:
▪️ შპს მტკვარი ჰოლდინგი
▪️ შპს აქსის თაუერს
▪️ შპს გალერია ჰოლდინგი
▪️ შპს გრინჰაუზ ჰოლდინგი
▪️ შპს აგრო ჰოლდინგი
▪️ შპს რიზორთ ჰოლდინგი
▪️ შპს ემვი ჰოლდინგი
ამ კომპანიების საბოლოო დედა კომპანია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP იყო. კაიმანის კუნძულები ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა და გასაგებია, რისი შიშიც აქვს ივანიშვილს.
ამ ტრანზაქციების დროსაც დიდი ალბათობით ივანიშვილის ოჯახი ისარგებლებდა ფაქტობრივად მხოლოდ მათთვის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ქონების გადმოტანა გადასახადებისგან საქართველოში თავისუფლდება” – წერს აბესაძე.
