ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ “ირაკლი აუცილებელი მოგერიების” რეჟიმში მოქმედებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ღარიბაშვილის ცოლის ძმამ ლექსო თამაზაშვილმა დაწერა.
მისი თქმით ყოფილი პრემიერ-მინისტრი “ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე”.
ძალიან გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ… მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რაც ზოგიერთი ყოფილი “მეგობრის” მხრიდან ვიხილეთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე.
დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს …” – წერს თამაზაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს – საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
