ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტისთვის მოქალაქეს მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, 20 აგვისტოთი დათარიღებულ ბრძანებაშია საუბარი.
საქმე ეხება დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2023-2024 წლებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რის გამოც აუცილებელი გახდა ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა მგზავრთნაკადის ზრდასთან და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.
ბრძანების თანახმად, საპროექტო არეალში მოექცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე, 40 569 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 8 067 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც ლევან ბზიკაძის საკუთრებაშია.
დოკუმენტის მიხედვით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საპროექტო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებების გამოსყიდვის მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა მოლაპარაკების მიუხედავად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად გამოცხადდა, ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ განისაზღვრა და კომპანიას მიენიჭა უფლებამოსილება, სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად კანონით დადგენილი წესით მიმართოს.
