აშშ-ის ლუიზიანის შტატში 8 წლის ლილიან სმარტი იშვიათი ინფექციით გარდაიცვალა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბავშვის Naegleria fowleri-ით (ქართულად ამ ინფექციას “ტვინის მჭამელ ამებას” უწოდებენ) ინფიცირება, სავარაუდოდ, კლაიბორნის ტბაში ცურვას უკავშირდება.
ლუიზიანის ქალაქ რასტონში მცხოვრები ლილიან სმარტი 23 აგვისტოს, დაბადების დღიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
ლუიზიანის ჯანდაცვის დეპარტამენტმა Naegleria fowleri-ით ინფიცირების შემთხვევა 19 აგვისტოს დაადასტურა. უწყების ცნობით, ინფიცირების ყველაზე სავარაუდო ადგილი კლაიბორნის ტბაა, სადაც ბავშვს ცურავდა.
ლილიანის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა ბავშვის თავის ტვინის დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ორგანიზმმა ინფექციასთან ბრძოლა ვეღარ შეძლო.
რა არის “ტვინის მჭამელი ამება“?
Naegleria fowleri მიკროსკოპული ორგანიზმია, რომელიც ძირითადად თბილ, მტკნარ წყალში გვხვდება. მისით ინფიცირება უკიდურესად იშვიათია, თუმცა დაავადება, რომელსაც ის იწვევს, უმეტეს შემთხვევაში ფატალურია.
ამება ორგანიზმში, როგორც წესი, ცხვირიდან ხვდება. შემდეგ ის თავის ტვინისკენ გადაადგილდება და შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე ინფექცია – პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტი.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ამ ინფექციით უბრალოდ დაბინძურებული წყლის გადაყლაპვისას არ ინფიცირდება. ასევე, Naegleria fowleri-ით ინფექცია ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადაეცემა.
სად გვხვდება საშიში ამება?
მიკროორგანიზმი თბილ მტკნარ წყალში შეიძლება აღმოჩნდეს – მათ შორის ტბებში, მდინარეებსა და ტბორებში. განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები მისთვის ზაფხულის თბილ პერიოდში იქმნება.
ამება მარილიან წყალში არ გვხვდება. ასევე, ის არ არის დამახასიათებელი სათანადოდ მოვლილი და ქლორირებული საცურაო აუზებისთვის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, Naegleria fowleri-ით ინფიცირების დაახლოებით 180 შემთხვევაა გამოვლენილი აშშ-ში 1937 წლიდან.
ლუიზიანაში ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით იშვიათია – 2011 წლიდან შტატში მხოლოდ რამდენიმე ინფიცირება დაფიქსირდა.
სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ამების გავრცელებას აშშ-ის იმ რეგიონებში, სადაც მისი აღმოჩენა ადრე უჩვეულო იყო.
