2026 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 15 543-ით გაიზარდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მოიმატა იმ პირების რიცხოვნობამ, რომლებიც ყოველთვიურად 100 000 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდა, 100 ლარზე ნაკლების მიმღებთა რაოდენობა კი შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ივლისში საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 8 464 ფიზიკურმა პირმა აიღო, წინა წლის ივლისში – 9 755-მა. 100 000 ლარი/ან მეტის ხელფასი კი წელს 425 ფიზიკურს პირს ჰქონდა, 2025 წლის ივლისში – 336-ს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს ივლისში ყველაზე მეტი ადამიანი იმ კატეგორიაში მოხვდა, რომელთა ხელფასი 1 200-დან 2 400 ლარამდეა, მათი რაოდენობა ივლისში 323 426 დასაქმებულს შეადგენს.
რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ხელფასი 2 400-დან 3 600 ლარამდეა, ივლისში მათი რიცხვი 184 605-ს შეადგენდა. სამეულში კი შედიან ის დასაქმებულები, რომელთა თვიური ანაზღაურება 3 600-დან 4 800 ლარამდეა, ჯამში 96 568 დასაქმებული.
ამასთან შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ხელფასი 1 024 583 ფიზიკურმა პირმა აიღო, დასაბეგრი თანხის მოცულობამ კი 3 173 067 729 ლარი იყო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ხელფასს 1 009 040 პირი იღებდა, ჯამში კი დასაბეგრი თანხის მოცულობამ 2 859 522 393 ლარი შეადგინა.
