ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია.
ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ნამზეური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანების შედეგია. ხშირი გარუჯვა ზრდის კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტური ლაქებისა და კანის კიბოს განვითარების რისკს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შესაძლოა მხედველობის სერიოზული დარღვევებიც გამოიწვიოს, მათ შორის კატარაქტა, რაც სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
მზეზე ან სოლარიუმში ჭარბმა დასხივებამ შესაძლოა კანის დამწვრობა გამოიწვიოს. მას შესაძლოა თან ახლდეს კანის სიწითლე და ტკივილი, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკები, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე და გულისრევა.
ცენტრის რეკომენდაციით, მზით დამწვრობის შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ ან გახეთქოთ წარმოქმნილი ბუშტუკები და უნდა მოერიდოთ მზეზე განმეორებით გასვლას. სამედიცინო დახმარება აუცილებელია, თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, განვითარდა მაღალი ტემპერატურა, გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი. მზით დამწვრობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ღია ფერის კანის, თმისა და თვალების მქონე ადამიანები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული პირები.
პრევენციისთვის ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, შეზღუდოს მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით მზის პიკური აქტივობის პერიოდში – შუადღემდე ორი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ. რეკომენდებულია ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმლის, ფართოფარფლებიანი ქუდისა და მუქი სათვალის ტარება, რომელიც უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან მაღალ დაცვას.
ასევე, მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება – რეკომენდებულია SPF 30 ან მეტი დაცვის ფაქტორის მქონე კრემის წასმა მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და მისი განახლება ყოველ ორ საათში ერთხელ.
