საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნესსექტორში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების არსებული მდგომარეობის, მეწარმეთა ცოდნის დონის, გამოყენების მიმართულებების, ძირითადი გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის განმარტებით, კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნესსექტორში AI ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბის განსაზღვრა, მათი გამოყენების ძირითადი მიმართულებების იდენტიფიცირება და იმ მხარდაჭერის ფორმების შესწავლა, რომლებიც მეწარმეებს AI-ის შესაძლებლობების ათვისებისა და ბიზნესსაქმიანობაში ინტეგრაციისთვის ესაჭიროებათ.
„AI-ის გამოყენება და ცოდნის დონე: კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 62% AI ინსტრუმენტებს საკუთარ საქმიანობაში იყენებს. AI-ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია კონტენტის შექმნა, მარკეტინგი და ინფორმაციის მოძიება.
AI-ის შესახებ ცოდნის თვითშეფასების მიხედვით, გამოკითხულთა 45% საკუთარ ცოდნას საბაზისო დონეზე აფასებს, 27% – საშუალო დონეზე, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ AI-ის მიმართულებით მოწინავე ან ექსპერტული ცოდნა აქვს.
AI-ის გამოყენების ძირითადი ბარიერები:
კვლევის მიხედვით, AI-ის გამოყენებისა და დანერგვის მთავარ ბარიერად ცოდნის ნაკლებობას გამოკითხულთა 72% ასახელებს. ასევე დასახელდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფინანსური რესურსების შეზღუდულობა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.
საჭირო მხარდაჭერის ფორმები:
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 78% სპეციალიზებული ტრენინგების საჭიროებას ასახელებს, ხოლო 51% კონსულტაციებისა და მენტორინგის მიღებით არის დაინტერესებული.
ასევე გამოიკვეთა მოთხოვნა ფინანსურ მხარდაჭერასა და შესაბამისი AI ინსტრუმენტების შერჩევასთან დაკავშირებულ დახმარებაზე.
AI-ის მნიშვნელობისა და სამომავლო გავლენის შეფასება:
გამოკითხულთა 72% AI ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევს.
ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ მომდევნო 1–2 წლის განმავლობაში AI მათი სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტ ფაქტორად ან/და აუცილებელ ინსტრუმენტად იქცევა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორში AI-ის გამოყენება უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მისი გამოყენების დონე და მიმართულებები განსხვავებულია. მონაცემების მიხედვით, AI-ის ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ცოდნისა და შესაბამისი პრაქტიკული უნარების ნაკლებობა რჩება.
კვლევის შედეგებისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად გეგმავს და ახორციელებს შესაბამის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მხარდამჭერ ღონისძიებებს AI მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
