მასწავლებლებს ვთავაზობთ უფასო მომზადებას, რომ დეკემბერსა და ივლისში შეძლონ გამოცდების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურებით, შესაბამისი სახელფასო პოლიტიკით გააგრძელონ სასწავლო პროცესი, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებელთა მიერ გამოცდების ჩაბარების შემდეგ, არსებული შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტრომ დაინახა საჭიროება, რომ მათ მიეცეთ შანსი, უკეთ მოემზადონ.
„მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელთა გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა დასადასტურებელი კონკრეტული სპეციალობით კომპეტენციები, რადგან მათ უფლება აქვთ კანონით მინიჭებული, რომ ასწავლიან ერთ საგანს, მაგრამ აქვთ უფლება, მომიჯნავე საგნებიც ასწავლონ, ჩვენ წელს დავუშვით გამონაკლისი, რომ მათ ერთი გამოცდის ნაცვლად შეეძლოთ, სამი მიმართულებით ჩაებარებინათ გამოცდა. შესაბამისად, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში ჩაატარა ეს გამოცდები. ყველამ იცოდა, რომ ეს პროცესი იყო განსაზღვრული 2026 წლის 15 სექტემბრამდე, თუმცა არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ მათ მიეცეთ შანსი კიდევ, კარგად მოემზადონ. ამისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა შესაბამისი ტრეინინგები, რომელსაც ისინი უსასყიდლოდ გაივლიან, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ დეკემბერში და 2027 წლის ივლისში ჩავატაროთ კიდევ დამატებითი გამოცდები და მათ მივცეთ შესაძლებლობა, იმ სახელფასო პოლიტიკით, რომელიც მათთვის განსაზღვრულია და ამ ერთწლიანი გადავადებით შევუნარჩუნოთ ეს სახელფასო პოლიტიკა, მათ თავისი კომპეტენცია დაადასტურონ. მასწავლებელთა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ გვინდა, რომ სასწავლო პროცესი იყოს უწყვეტი, სადმე დეფიციტი არ შეგვექმნას. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ მაქსიმალურად გამოვდივართ, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის ინტერესიდან. მასწავლებლებს ვთავაზობთ უფასო ტრეინინგკურსებს,მომზადებას, იმისთვის, რომ დეკემბერსა და ივლისში მათ შეძლონ ამ გამოცდების ჩაბარება და უკვე კომპეტენციის დადასტურებით გააგრძელონ შესაბამისი სახელფასო პოლიტიკით სასწავლო პროცესი“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027-2028 სასწავლო წლამდე გადავადდა.
