რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა.
რუსული მხარე წერს, რომ ტურისტების მაღალ ნაკადს თან ახლავს სამგზავრო მანქანების რეკორდული რაოდენობა. მათივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას მანქანების შეუფერხებელი გავლისთვის.
ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება: 15 და 16 აგვისტოს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყოველდღიურად 19 000-ზე მეტი ადამიანი გადიოდა. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს,” – წერია განცხადებაში.
ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ქართულ სოციალურ ქსელებშიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაწერა, რომ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
შსს-მ მოქალაქეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”.
სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8 406-მა მოქალაქემ.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან,” – წერს შსს.
