რუსეთში ალა პუგაჩოვასა და მის ოჯახს ძვირადღირებული ქონების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ლაპარაკია სოლნეჩნოგორსკში, ისტრის წყალსაცავის ნაპირზე მდებარე 760 კვადრატული მეტრის ფართობის სამსართულიან ვილაზე. “პრიმადონამ ეს ნაკვეთი 90-იანი წლების ბოლოს შეიძინა, თუმცა, როგორც გაირკვა, სანაპირო ზოლი და წყალდაცვითი ტერიტორია უკანონოდ ჰქონდა მითვისებული”, – წერს რუსული მედია.
14-ათასიანი გარიგება და დაკარგული სანაპირო
ოჯახი სახლის გაყიდვას დიდხანს ცდილობდა. თავდაპირველად მის სანაცვლოდ 225 მილიონ რუბლს ითხოვდნენ, მოგვიანებით ფასი 99-110 მილიონამდე დაწიეს, თუმცა მყიდველი მაინც ვერ იპოვეს.
ბიზნესმენ გლებ რისკოვის საჩივრების საფუძველზე ჩატარებულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ სანაპირო ზოლის მიშენება თითქოს კანონდარღვევით მოხდა – წყლის ობიექტი და ნაპირი საერთო სარგებლობის ტერიტორიაა.
წყლის რესურსების სააგენტომ ნაკვეთი აუქციონზე გამოიტანა. რადგან განაცხადი მხოლოდ რისკოვმა შეიტანა, მან სანაპიროს განკარგვის უფლება სასაცილო ფასად – საწყის 14 ათას რუბლად (დაახლოებით 150 დოლარი) შეიძინა. ბიზნესმენი ამ ადგილას იახტ-კლუბის გახსნას გეგმავს.
რატომ ელის სახლს დემონტაჟი?
საბუთების მიხედვით, ეს აგარაკი ახლა პუგაჩოვას ქალიშვილს, კრისტინა ორბაკაიტეს ეკუთვნის. თუმცა პრობლემა მხოლოდ სანაპიროს ჩამორთმევით არ სრულდება:
იურისტების განცხადებით, თავად ვილისა და დამხმარე ნაგებობების ნაწილი სახელმწიფო მიწაზეა აშენებული. კანონის მიხედვით, საზღვრებს გარეთ გასული შენობის ნაწილი უნდა დაინგრეს და სრულად მოხდეს მისი დემონტაჟი. თუ დადგინდა, რომ მშენებლობამ ბუნებრივი ლანდშაფტი დააზიანა, ვარსკვლავურ ოჯახს მსხვილი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.
მოკლედ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების მიერ ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ შურისძიების ნაწილია. მოგეხსენებათ, მან უკრაინაში კრემლის აგრესიის შემდეგ რუსეთი ოჯახთან ერთად დატოვა და მიმდინარე ომს დღემდე მკაცრად აკრიტიკებს.
