ავტომობილის განბაჟების შემდეგ მნიშვნელოვანია, დროულად გადაამოწმოთ, გიწევთ თუ არა ტექინსპექტირება. ეს მისი ასაკის მიხედვით განისაზღვრება და ასაკივე განსაზღვრავს, რამდენ ხანში ერთხელ დაგჭირდებათ ყოველი მომდევნო შემოწმება.
რა ვადაში უნდა გაიაროს ავტომობილმა პირველი შემოწმება?
მნიშვნელობა არ აქვს, მსუბუქ ავტომობილს ადგილობრივ ბაზარზე შეიძენთ თუ უცხოეთიდან შემოიყვანთ, 4 წლამდე მას პერიოდული ინსპექტირება არ ეკუთვნის, 4-დან 8 წლამდე ტექინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ სჭირდება, 8 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად.
ახლად განბაჟებული ავტომობილის შემთხვევაში, თუ მას ასაკის მიხედვით უკვე ეკუთვნის ტექინსპექტირება, შემოწმება განბაჟების დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გაიაროთ. ამ ვადაში შაბათკვირა და უქმე დღეებიც ითვლება.
მომდევნო ტექინსპექტირების თარიღი greenway.ge-ის მთავარ გვერდზე ავტომობილის სახელმწიფო ნომრით შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
რა დოკუმენტებია საჭირო და რა პროცედურებს გადის ავტომობილი სერვისცენტრში?
სერვისცენტრში მისვლისას მხოლოდ ავტომობილის ტექპასპორტი (ან მისი ასლი) და პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა გაზზე ან თხევად გაზზე მუშაობს, დამატებით უნდა წარადგინოთ აირბალონის სერტიფიკატი და შესაბამისობის აბრაც. ინსპექტირებისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის. ამასთან, ავტომობილის მიყვანა ტექინსპექტირებაზე ნებისმიერ სხვა ადამიანსაც შეუძლია.
შემოწმების პროცესი საშუალოდ 15-დან 20 წუთამდე გრძელდება. ამ დროში ინსპექტორები ამოწმებენ სამუხრუჭე სისტემას, საჭის მექანიზმს, ფარებს, საბურავების მდგომარეობას, შასის კომპონენტებს, გამონაბოლქვის დონესა და ხმაურის მაჩვენებელს.
დახარვეზების შემთხვევაში, თუ ავტომობილს ბოლო ინსპექტირება გამართული აქვს, ეძლევა 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად, მაგრამ თუ ბოლო ინსპექტირება გაუმართავი აქვს ეძლევა 10 კალენდარული დღე.
დაგეგმეთ ვიზიტი წინასწარ ,,გრივენის” სერვისცენტრში
ტექინსპექტირების „გრინვეიში“ წინასწარ დაჯავშნით ვიზიტს უფრო მარტივად დაგეგმავთ. საიტზე თავად ირჩევთ სასურველ რეგიონს, სერვისცენტრსა და ვიზიტის დროს. საფასურის გადახდაც ონლაინ შეგიძლიათ, რაც ადგილზე დამატებით დროს დაგიზოგავთ.
„გრინვეის“ საქართველოს მასშტაბით 32 სერვისცენტრი აქვს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ფოთში, ბორჯომსა და სხვა ქალაქებში.
გარდა ამისა, SMS შეხსენების გააქტიურებით მომდევნო ტექინსპექტირების თარიღის მოახლოების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ. თავად ირჩევთ, რამდენი ხნით ადრე გსურთ შეხსენების მიღება, მაგალითად, 14 და 1 დღით ან 30 და 3 დღით ადრე. სერვისის გასააქტიურებლად საიტის მთავარ გვერდზე მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და მობილური ტელეფონის ნომრის მითითება დაგჭირდებათ.
