ართველი სამართალდამცველები გალში მცხოვრებ ქართველებს, ენგურის ხიდით საწვავის გადატანაზე 20 ლიტრიან ლიმიტს უწესებენ – ამის შესახებ “BMG” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს.
“მოგეხსენებათ, აფხაზების საგუშაგომდე მიმავალი ყველა ტრანსპორტი სისტემატურად მოწმდება. რაც საწვავის დეფიციტი დაიწყო, ახლა ამაზე გამკაცრდა კონტროლი, იქამდეც იყო საბურავებზე, ხან რაზე და ხან – რაზე, ვერ გაიგებ. არც არავინ აგიხსნის ნორმალურად, თუ რას რატომ ზღუდავენ ან უშვებენ. დღეს, მორიგი კონტროლის გავლის დროს, გამოგვიცხადეს, რომ მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის შეტანის უფლებას გვაძლევენ, თუ რა ხდება 20 ლიტრის მერე, მინდოდა მეკითხა, მაგრამ შარს მოვერიდე… ვინც არ იცის, ჩვენ აფხაზეთში გადასასვლელად, სამ ადგილას გვიმოწმებენ ჩანთებს და საბუთებს. ზუგდიდიდან რომ მიდიხარ, ჯერ ქართველები გამოწმებენ, მერე რუსები და მერე – აფხაზები. სამივეგან არის შანსი, ბარგი არ შეგიმოწმონ, მაგრამ ესეც გამართლებაზეა. არავინ იცის ზუსტად რის უფლებას გვაძლევს დანარჩენი “კონტროლი”, კითხვასაც ვერავინ გაუბედავს. ამბობენ 5 ლიტრიო, მაგრამ აქ შანსი იმის, რომ მეტი შეიტანო, სულ არის, ან ფულს გადაიხდი და გაგატანენ, აქაური ხალხი ყველაფერს ახერხებს, უბრალოდ გაუგებარია, რატომ მზღუდავს ისევ ჩემი ქართველი, როცა აგერ ტონობით საწვავი შემოაქვთ. თუ ხმამაღლა აცხადებ, რომ მე მეხმარები, რატომ მიზღუდავ დავეხმარო საკუთარ თავს?! გალში საწვავი არ გვაქვს, ტელევიზორში კი გამოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ – ქართველებს დავეხმარეთო. ჩვენ თუ გვეხმარებოდნენ, მაშინ გალში რატომ არ არის საწვავი და თუ არის, რატომაა სხვა ტერიტორიაზე ძვირი?! ხალხი, ოჩამჩირეში, დილიდან დაღამებამდე ხუთას მანქანიან რიგში დგას; თუ ქართველს ეხმარები, ამდენი ტონა საწვავი გალში რომ დარჩენილიყო, რა გვიჭირდა, ვიფიქრებდით, რომ მართლა დაგვეხმარნენ. საქმე ის არის, რომ ყველამ ვიცით, ვისაც დაეხმარნენ და ღირსიც ვიქნებით მაგისთვის უკრაინამ დაგვბომბოს.“ – ეუბნება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი “BMG”-ს.
