ვინც დედა დამიჭრა, მეგობრები და ბიძაშვილები დამიხოცა, სოფელი გადამიწვა და საკუთარი მიწა-წყალი მიითვისა, ჩემი ქვეყნის მტერია და ჩემი ქვეყნის მტრებს ბოდიშს ვერ მოვუხდი! პირიქით, შურს ვიძიებ და ვაზღვევინებ, როგორც შევძლებ და სანამდეც შევძლებ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მძულს რუსული მოდგმა და მათი იმპერიული ზრახვები, – ამის შესახებ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებული ვეფხია კასრაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
კასრაძე წერილში ვრცლად საუბრობს 2008 წლის აგვისტოს ომზე და ჰყვება ბრძოლისას გადახდენილი ისტორიის მცირე ფრაგმენტზე.
როგორც მსჯავრდებული განმარტავს, აღნიშნულის საზოგადოებისთვის გაზიარება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მათ უთხრას – არასოდეს გატყდნენ და დანებდნენ.
„ნუ გაგიკვირდებათ, რომ მძულს რუსული მოდგმა და მათი იმპერიული ზრახვები და ვიბრძოლებ მანამდე, სანამ სრულად არ გათავისუფლდება საქართველო რუსეთის მარწუხებიდან, თუნდაც, ამ ბრძოლას შევეწირო!”
