გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავს ტყუილს ახსნა ვერ ექნება და ეს აჩვენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახეს.
„იყო რაღაც უარყოფითი კომენტარები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბარამიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე გადახედეთ მათ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას – სრული იგნორი.
ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ესენიც მიჰყვებიან გარე დაკვეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ”, ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, – განაცხადა ბარამიძემ.
