“გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას” – ამის შესახებ ადვოკატი ლაშა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.
“გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გავაგრძელებთ გიორგი ჭიღლაძის ინტერესების დაცვას.
ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ გიორგი დაკავების შემდგომ ყოფილიყო თავისუფალი და დაბრუნებოდა ოჯახს, რასაც მივაღწიეთ, თუმცა მოპოვებულ შედეგს სჭირდება შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა კლიენტის მხრიდანაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.
მე და მარიამს გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მათი დადი წვლილია შეტანილი იმაში, რომ გიორგი თავისუფალია.
ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ სასტუმრო აგარანის მამულის ხელმღვანელობას, რომელთაც 7 აგვისტოს გამართული შეხვედრისას სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ადვოკატებს საშუალება მოგვცეს შეუფერხებლად გვეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სასტუმროს ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობდა გიორგის სისხლის სამართლის საქმეში თავისუფლებაზე დარჩენას, რაც სასტუმრო აგარანის ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც დაცვის მხარისთვის. საბედნიეროდ ფაქტია, რა გაურკვევლობასაც არ უნდა ჰქონოდა ადგილი საბოლოოდ ქართული მხარე ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დადგება.
მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ ადვოკატს, რომელიც გააგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს და იმედია დაასრულებს ზუსტად იმ შედეგით, რომელიც ერთადერთ, სწორ და სამართლიანად მიგვაჩნია” – ნათქვამია ლაშა კაპანაძის განცხადებაში.
ცნობისთვის,18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში ინციდენტი მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე. მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
21 ივლისს, გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
