პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 25 წლის ბელარუსის მოქალაქეზე თავდასხმაში, მის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში თანხის შეტანის დროს, 25 წლის კაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა.
პოლონური მედიის მიხედვით, თავდამსხმელებმა ბელარუსის მოქალაქე მიწაზე დააგდეს, სასტიკად სცემეს და მანქანაში მის ძალით ჩასმასაც ცდილობდნენ.
RMF FM-ის ინფორმაციით, შედეგად დაზარალებულმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, ხოლო თავდამსხმელებმა მას წაართვეს მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის თანხა იყო.
ვარშავის პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ყაჩაღობაში არიან ეჭვმიტანილნი.
