„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს ადის.
ასე მოხდა ომის მე-18 წლისთავზეც. პარტიის ლიდერები და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით 8 აგვისტოს შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
7 აგვისტოს მივიდნენ ომში დაღუპულების პატივის მისაგებად მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა“ და დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნიშნავს, თუ არა მათი მხრიდან მტკიცებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნეს.
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
