17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.
გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა წარწერით: “მეგობრებო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება სავარაუდოდ ლომისაზე გადაღებული ვიდეო, სადაც მკვეთრად ისმის სავარაუდოდ დაკარგული გურამ (გურიკა) დადიანიძის განწირული ხმა: „წამოდი, ბიჭო“, „კახა“, „არ მიმატოვო, გეხვეწები“. ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად ვიდეო გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.”
დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამ თემას ეხმაურება და ამბობს, რომ დედამ ვიდეოში შვილის ხმა ამოიცნო.
“ვიდეო ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, დაველოდოთ პასუხს” – წერს გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი.
