FBI-ის ყოფილი აგენტი, პატრიკ სტივენ იაროკი, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან დაახლოებით 1 მილიონი დოლარი უკანონოდ გადაირიცხა.
FBI-ის ინფორმაციით, იაროკი გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტს თავად დაუკავშირდა და განაცხადა, რომ “კრიპტოვალუტის საფულეებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები“ მიიღო.
გამოძიების მიხედვით, აგენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა, რათა FBI-ის სისტემების მეშვეობით, კრიპტოვალუტის ანგარიშებზე წვდომა მოეპოვებინა. 2025 წლის დასაწყისიდან მან დაახლოებით 10 ტრანზაქცია განახორციელა და ჯამში დაახლოებით, 1 მილიონი დოლარი საკუთარ ანგარიშებზე გადაირიცხა.
FBI-ის ცნობით, თანხები “მტრულ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ანგარიშებიდან გადაირიცხა. NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე რუსეთთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის ანგარიშებს ეხება.
სასამართლო მასალების მიხედვით, 29 ივლისს იაროკი იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა და აღიარებითი ჩვენება მისცა. მისი თქმით, სირცხვილის გრძნობა “შიგნიდან ჭამდა“. ამასთან, იაროკმა განაცხადა, რომ მხოლოდ ფინანსური ინტერესი არ ამოძრავებდა. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშების შესახებ 2024 წლის ნოემბერში, გამოძიების ფარგლებში შეიტყო და მიაჩნდა, რომ FBI მათ წინააღმდეგ სათანადო ზომებს არ იღებდა.
ამავე ისტორიიდან ირკვევა, რომ მან ChatGPT-ს სთხოვა დახმარებოდა 40 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის გეგმის შედგენაში. იაროკი იტალიის ჩილენტოს რეგიონში ან პორტუგალიის დაოს რეგიონში გადასახლებას გეგმავდა.
31 ივლისს, დაკავების დღეს, იაროკი FBI-დან გაათავისუფლეს. მას თაღლითობის ბრალდება წარუდგინეს, რაც აშშ-ის კანონმდებლობით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
