„სამი წელი გავიდა და შოვის განაშენიანების გეგმა არ გაუქმებულა“ – ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა მამუკა გვილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა სწორედ იმ არეალს მოიცავს, სადაც ტრაგედია მოხდა.
„2022 წლის 22 დეკემბერს ანუ ტრაგედიამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე, დამტკიცდა შოვის განაშენიანების გეგმა. ეს სივრცითი გეგმები საკმაოდ რთულად მტკიცდება და სხვათა შორის, ეს გეგმა არის დღესაც ძალაში.
როგორც ვიცით, შოვის ტრაგედიის დროს, გარემოს ეროვნული ანგარიშის თანახმად, 60 ჰექტარი მოწყდა მყინვარს და დაახლოებით 40 ჰექტარი დაფარა. რომ ვნახოთ განაშენიანების გეგმა და მისი მთავარი რუკა, სატელიტებიდან ძალიან კარგად ჩანს და ყველას შეუძლია ამის ნახვა, ზუსტად ერთი-ერთში ემთხვევა ამ ადგილს. ამაზე არაადეკვატური დაგეგმვა, არ მინახავს.
ვთქვათ, არ იცოდნენ რა მოხდებოდა, მაგრამ სამი წელი გავიდა და ეს გეგმა არ გაუქმებულა. არადა, ბუნებამ გვაჩვენა, რა შეიძლება მოჰყვეს იქ განაშენიანებას და რატომ არ აშენებდნენ იქ რამეს ჩვენი წინაპრები.
გეგმას რომ ჩახედოთ იქ არის რამდენიმე მრავალსართულიანი შენობის გეგმა, 16-მეტრიანი, 18-მეტრიანი. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათასი საწოლი უნდა იყოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი,“ – განაცხადა მამუკა გვილავამ.
ამასთან, როგორც ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა, საფრთხეებთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტები არ ქვეყნდება.
მისი თქმით, აქვს ვარაუდი, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ შოვში არსებულ მშენებლობებს, რომლებიც არაკანონიერია, ხელი არ შეუშალონ.
„დოკუმენტები, რომლებიც შეიქმნა საფრთხეებთან დაკავშირებით, არ ქვეყნდება. ჩვენ ვიცით ზოგადი ინფორმაცია, რომ 47 მუნიციპალიტეტში, 111 თემში გვაქვს საფრთხე, მაგრამ ეს დოკუმენტები ბოლომდე არ ქვეყნდება და ჩემი ვარაუდია ასეთი, რომ ეს თუ გამოქვეყნდება, იქ მშენებლობები ცოტა სხვა სტანდარტით უნდა განხორციელდეს, ან სულაც არ განხორციელდე,“ – განაცხადა ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
