90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში რუსთავში მომხდარმა სერიულმა მკვლელობებმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მაშინ, როდესაც საქართველოში სინათლის მოსვლა და ტელევიზიით ინფორმაციის გაგება რეგიონებში ფუფუნება იყო, ხალხი, ბეჭდურ მედიაში ეცნობოდა შემზარავი მკვლელობების სერიას.
„რუსთაველ მანიაკად“ შერაცხილი დამნაშავე წლების განმავლობაში ატერორებდა ქალაქს. საქმეს, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, წერტილი 2001 წელს, მარტვილში ფრიდონ პირტახიას დაკავებით დასრულდა.
თუმცა, რა ხდებოდა სინამდვილეში გამოძიების კულისებს მიღმა? იყო თუ არა პირტახია ერთადერთი დამნაშავე, რატომ ვერ მოხერხდა მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა და რა დეტალები გახდა ცნობილი მისი აღიარებითი ჩვენებიდან?
გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ (წამყვანი იაგო ხვიჩია) 1997–2007 წლების პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებელი, შალვა ნიქაბაძე, „რუსთაველი მანიაკის“ საქმის უცნობ დეტალებს იხსენებს. როგორც საგამოძიებო ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ის ჰყვება, თუ როგორ მივიდნენ დამნაშავის კვალზე, რა ხდებოდა დაკითხვის ოთახში და რატომ დარჩა ამ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.
– მანიაკი არის თუ არა ადამიანი, ამას განსაზღვრავს ექსპერტიზა – ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩაგვეტარებინა ეს ექსპერტიზა და დასკვნა გვქონოდა ხელზე იმ მოტივით, რომ როდესაც ჩვენ დაკავებული შევასახლეთ ციხეზე, იმავე ღამეს მან თავი მოიკლა.
ეს პიროვნება იყო დევნილი აფხაზეთიდან, კერძოდ, გაგრიდან – ვინმე ფრიდონ პირტახია, რომელიც ცხოვრობდა ჯერ რუსეთში და შემდეგ, უკვე 90-იან წლებში, გადმოვიდა საქართველოში და დასახლდა ქალაქ რუსთავში. მკვლელობების სერია დაიწყო 1997 წელს. მას რუსთავში ჰქონდა ორი თუ სამი ფაქტი, ვგულისხმობ მკვლელობას.
მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ასაკს. მთავარი იყო, რომ ყოფილიყო ადვილად დასამორჩილებელი. საერთო ჯამში, მოხდა რვა ფაქტი. ქალების ნაწილი იყო გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული, ნაწილი იყო პირდაპირ მოკლული, მაგრამ ხელწერა მიუთითებდა ერთი და იგივე ადამიანზე. მსხვერპლს ძირითადად ახრჩობდა.
გენერალურმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, 2000 წელს შექმნა საკმაოდ დიდი საგამოძიებო ჯგუფი, სადაც შევედით ჩვენ – ტრანსპორტის პროკურატურის თანამშრომლები და რუსთავის პროკურატურის თანამშრომლები.
რაღაც პერიოდის შემდეგ შეწყდა მკვლელობები, მაგრამ, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდი. საგამოძიებო ჯგუფის უფროსად დავინიშნე მე და რამდენიმე თვეში, ალბათ სამ-ოთხ თვეში, მალევე შემოგვდის ინფორმაცია მარტვილიდან, რომ დააკავეს პიროვნება, რომელიც და-ძმას გამოეკიდა, მაგრამ ისინი გაექცნენ და ოჯახში მოყვნენ ასეთი ფაქტის შესახებ. მშობლებმა გამოიძახეს პოლიცია. დაიჭირეს ეს პიროვნება და პოლიციაში დაკითხვის დროს, ამ რვიდან ერთი ფაქტი აღიარა – ანუ, ის კონკრეტული ფაქტი აღიარა, რაზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რკინიგზის ტერიტორიაზე რომელიც მოხდა. განაგრძეთ კითხვა…
