ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ბოლო ათწლეულებში მკვეთრად შემცირდა: 1989 წელს საქართველოში 5 400 841 კაცი ცხოვრობდა, 2002 წელს – 4 371 535, ხოლო 2026 წლის იანვრის მონაცემებით – 3 მილიონ 941 ათასი. ბოლო წლებში სიკვდილიანობამ შობადობის მაჩვენებელს გადააჭარბა, რასაც სპეციალისტებმა “დემორაფიული ზამთარი” დაარქვეს. გვესაუბრება დემოგრაფი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ანზორ სახვაძე:
– ქართველი მოსახლეობა საუკუნეების წინ უფრო მრავალრიცხოვანი იყო. მაგალითად, შემორჩენილია ალექსანდრე ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ის წერს, მეხუთე საუკუნის საქართველოში 16 მილიონი კაცი ცხოვრობდაო, ორჯერ მეტი იმაზე, რასაც თამარის ეპოქის საქართველოზე ვარაუდობენ. რა თქმა უნდა, ეს დაუზუსტებელი ციფრებია, მაგრამ ფაქტია, რომ ადრე მოსახლეობა გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო.
რაც შეეხება ბოლო ათწლეულებს: გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, კერძოდ: 1990 წელს 92,8 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გასულ წელს მხოლოდ 47 ათასი – ეს ნიშნავს, რომ შობადობის მაჩვენებელი განახევრებულია. შესაბამისად, რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალთა რაოდენობაც განახევრდება, რაც მომავალში უფრო შეამცირებს შობადობის მაჩვენებელს.
როდესაც დემოგრაფიულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ქორწინების და განქორწინების პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამწუხაროა, რომ ქორწინებების რიცხვი ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას შობადობის კლება მოჰყვა. პარალელურად, მოიმატა განქორწინებათა რიცხვმა. 30-40 წლის წინ განქორწინების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ამჟამად სიტუაცია შეიცვალა, რაც თანამედროვე ცხოვრების წესმა განაპირობა.
– არაერთი ახალგაზრდა ფინანსური პრობლემების გამო ვერ ან არ ქორწინდება…
– მე კი ვფიქრობ, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვთ, ვიდრე წინა თაობებს ჰქონდათ. ამიტომ ბევრი ცდილობს ქორწინება მომავლისთვის გადადოს, როცა მატერიალურად უფრო მოძლიერდება. როცა ადამიანს ყველაფერი ერთად უნდა: კარგი სახლი, მანქანა, მოგზაურობა და უზრუნველი ცხოვრება, ის ცდილობს ოჯახის შექმნა გადადოს, წინა თაობები კი ფიქრობდნენ, რომ მატერიალური კეთილდღეობა თანდათან მიიღწევა.
დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია გვიანი ქორწინებაც. ასე ხდება დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე გაცილებით მდიდრები არიან. გავრცელებული ტენდენციაა ერთშვილიანი ოჯახების მომრავლებაც… განაგრძეთ კითხვა
