„მე გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ ნატა ვიბლიანმა იმშობიარა მაშინ, როდესაც ის უკვე იყო სრულწლოვანი და არა 14 წლის…“ – ამის შესახებ ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გადაცემაში „VERSUS“ ირინა ტორონჯაძესთან ერთად ისაუბრა.
ცნობისთვის, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოქალაქე ნატა ვიბლიანმა ვიდეომიმართვები გაავრცელა და თქვა, რომ მას 90-იან წლებში თანასოფლელი მამაკაცი სისტემატურად აუპატიურებდა.
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს – მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.
