„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს მამუკა მდინარაძეზე საუბარი არ სურს. ორი დღის წინ დაანონსებული საკადრო ცვლილებების შემდეგ კახა კალაძე დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები სწორედ მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობას შეეხებოდა, თბილისის მერმა თემის დეტალურად განხილვას თავი აარიდა და თანაგუნდელის შესახებ შეფასებებიც არ გაუკეთებია.
ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებული ცვლილებების შემდეგ კი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. მამუკა მდინარაძე წარდგენილია თანამდებობაზე, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სექტემბრამდე ვერ შეიქმნება. ამავე დრომდე ვერ გაუქმდება ის თანამდებობაც, რომელიც მას ამჟამად უკავია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები კითხულობენ, რატომ გახდა საჭირო ცვლილებების წინასწარ გამოცხადება და რატომ იყო აუცილებელი მამუკა მდინარაძის ასე სწრაფად ახალ პოზიციაზე წარდგენა.
მამუკა მდინარაძის მხარდასაჭერად დღეს მხოლოდ არჩილ გორდულაძე გამოვიდა. მისი თქმით, პარლამენტი სექტემბერში განიხილავს და კენჭს უყრის იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახალი თანამდებობის შექმნას ითვალისწინებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე ოფიციალურად დანიშვნა.
