ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი მასშტაბური მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მეწყერია.
სტიქია 17 ივლისს, ჩუნცინის მუნიციპალიტეტის პენშუის რაიონში მოხდა, სადაც კლდის მასები და უზარმაზარი ლოდები მდინარე უძიანის სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ სახლებს დაატყდა. ნანგრევებში ათობით ადამიანი მოჰყვა. საფრთხის ნიშნების გამოვლენის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 1 100 მცხოვრების ევაკუაცია შეძლო.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციების გააქტიურებისა და მსგავსი კატასტროფების პრევენციისკენ მოუწოდა. მაშველების მუშაობას ართულებს დაახლოებით 18 ათასი კუბური მეტრი კლდოვანი ნამსხვრევი, რომელმაც ტერიტორია დაფარა.
სპეციალისტების შეფასებით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ზაფხულის ძლიერი და ხანგრძლივი წვიმები მეწყერებისა და უეცარი წყალდიდობების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
