საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17 კმ-იან მონაკვეთს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა სამ მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში გადის, გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. ახალი პროექტი კი სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26,2 მლნ.ლარამდე ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
