ესპანეთის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანოს შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ და სხვადასხვა დარგის ექსპერტიზაზე დაფუძნებულ ანალიზს მოამზადებს, რათა ხელი შეუწყოს კლიმატურ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, – ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის მეცნიერების, ინოვაციებისა და უნივერსიტეტების სამინისტრო ავრცელებს.
გადაწყვეტილება ქვეყანაში გავრცელებული მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე მიიღეს.
გავრცელებული ცნობით, ექსპერტთა შერჩევა ამ ზაფხულს დაიწყება, კომისია კი მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეუდგება.
უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძრების ფონზე ავილაში, მადრიდსა და ტოლედოში ცეცხლმა 77 000 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია გაანადგურა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად იქცა. მთავრობის უახლესი მონაცემების თანახმად, ხანძრების გამო 63 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბორდოსთან ახლოს, საფრანგეთის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქარის სიძლიერემ და ექსტრემალურმა სიცხემ საფრანგეთსა და ესპანეთში მძვინვარე ტყის ხანძრების წინააღმდეგ მეხანძრეების ბრძოლა კიდევ უფრო გაართულა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ყველაზე მძიმე“ უწოდა, სამშაბათს ბორდოში, კრიზისულ ცენტრში ვიზიტისას კი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „მომავალი კვირები მძიმე იქნება“.
