სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს სუს-ის მხრიდან „ქოლ ცენტრების“ მფარველობაზე არ უსაუბრია.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, დაკითხული მოწმე არც ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს იცნობს.
„გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ბრალდებული იყო დღევანდელი მოწმე, რომელმაც პროცესზე ძირითადად, თავის ბრალთან მიმართებაში ისაუბრა, ასევე, „ქოლ ცენტრების“ ფუნქციონირების თემებთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ზოგადად სტრუქტურულად. ეს იყო მოწმე, რომელსაც არანაირი სახის შემხებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მით უფრო, გრიგოლ ლილუაშვილთან „ქოლ ცენტრების“ თემასთან მიმართებაში არასდროს ჰქონია, ეს იყო თვითონ მოწმის პოზიციაა.
ეს მოწმე როგორც ვიცი, რამდენიმე პროცესზე დაიკითხა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეს, სუს-ის მფარველობაზე ნამდვილად არ უსაუბრია, მან ისაუბრა თავის სექტორში ვისთან, რა ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ არ უსაუბრია გრიგოლ ლილუაშვილთან კომუნიკაციაზე და ურთიერთობაზე. ადამიანი ცალსახად ამბობს და განმარტავს, რომ არასდროს ჰქონია შეხება და არ იცნობს ანდრია ლილუაშვილს. ვინმე „კასირს“ უწოდებდა საჯარო წყაროებში თუ ზოგადად, წყაროს თავზე რა მოუსმენია, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანს ადამიანთან ჰქონდა თუ არა უშუალო შემხებლობა და რამე ფორმით ურთიერთობა. ცალსახაა, რომ არც მიმოწერის დონეზე, არც ფიზიკური შეხვედრის და არც ნაცნობობის დონეზე, ანდრია ლილუაშვილთან მოწმეს არანაირი სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონია. შესაბამისად, მისთვის როგორ არის აღქმული სანდრო ლილუაშვილი და ერთი ერთზე საუბარში პროკურორს რას ეუბნება, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, ისაუბრა თუ არა, რომ მოწმემ სუს-ის მხრიდან „ქოლ ცენტრების“ მფარველობაზე, ადვოკატმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„არასდროს, მსგავსი ინფორმაცია დასახელებულ მოწმეს არ მიუწოდებია, ვინაიდან მან ცალსახად თქვა, რომ ის მსგავსი მფარველობის ქვეშ არ იყო. მან ნამდვილად ისაუბრა, რომ ჰქონდა „ქოლ ცენტრები“, იყო მეწილეც ამ „ქოლ ცენტრებში“, მაგრამ ის, რომ მის „ქოლ ცენტრთან“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შემხებლობაში იყო, ასეთი ინფორმაცია მას არ უთქვამს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
