MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნების ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე ეხმაურება. მისი შეფასებით, ქვეყანაში ძალადობის ახალი ტალღის შექმნის საფრთხეა და ინიციატივაზე რეაგირება როგორც საგამოძიებო უწყებებს, ისე საპატრიარქოს მართებთ.
როგორც უგრეხელიძე აცხადებს, საქართველოში „გუშაგთა კორპუსის“ მსგავსი არაფორმალური დაჯგუფების შექმნას ცდილობენ და ეს, მისი შეფასებით, ანტიკონსტიტუციურია. ის მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლების დაკვეთით არ ხორციელდება, მაშინ სამართალდამცავებმა გიორგი ქართველიშვილი უნდა გამოკითხონ და საზოგადოებას განუმარტონ, რას გულისხმობს მისი საქმიანობა.
„როგორც ჩანს, საქართველოს უპირებენ ძალადობის სპირალის ახალ საფეხურზე შეყვანას. სამწუხაროდ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს სწორედ ხელისუფლების მითითებით ხდება. ამ ხელისუფლებისგან სხვადასხვა ეტაპზე მოძალადე ჯგუფების დაორგანიზებას ჩვენ ვართ მიჩვეული. ახალი „არტ ინფო“, ახალი მოძალადე ჯგუფები აპირებენ თავისი შეხედულებით, სრულიად გაურკვეველი მიზეზით იძალადონ ყველაზე, ვინც კი არ მოეწონებათ. სხვას არაფერს ნიშნავს გიორგი ქართველიშვილის განცხადება, რომელიც არის სრულიად ამორფული. არავითარ კონკრეტიკას არ შეიცავს როგორ აპირებს ქართული სიწმინდეებისა და ეკლესიის დაცვას. ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუ ეს არ არის ხელისუფლების დაკვეთა და ხელისუფლების მესიჯი, მაშინ ის საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაიბარონ და განსაზღვრონ მისი საქმიანობის მიმართულებაში რას გულისხმობს.
საქართველოში გუშაგთა კორპუსის შექმნა უნდათ, გუშაგთა კორპუსის ფილიალის. ალბათ ტყუილად არ გვქონდა ირანთან ასეთი ახლო კონტაქტები, ჩვენს ფაქტობრივ ხელისუფლებას. ახლა უნდათ, რომ ისინი როგორც იცავენ თავიანთ რელიგიას, ისე დაიცვან მართლმადიდებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მართლმადიდებლობას არავის დაცვა არ სჭირდება. ის არის ძალიან კარგ კონდიციაში. საპატრიარქომ და კონკრეტულად პატრიარქმა ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება.
მივმართავ პატრიარქ შიოს: განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს? განა არ გაქვთ იმდენი ზეგავლენა და ავტორიტეტი, რომ მუშტის გარეშე იყოს დაცული ჩვენი რწმენა, რომელიც აქამდე მოგვიტანია? – მგონი, არა! ვფიქრობ, საპატრიარქომაც უნდა მოახდინოს რეაგირება და მოუწოდოს და დაგმოს ეს მიზნები, თუ ის არ არის საგანგებოდ ხელისუფლების მიერ მომზადებული ამ ძალადობისთვის. ჩვენ გვიმზადებენ ახალ და ბევრ ლაშქარავას. როგორც ჩანს ჩემგან, ამ ხნის ადამიანისგან, რომელიც მაშინ ვიცავდი და მივდევდი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, როდესაც აკრძალული იყო და როდესაც „კა გე ბე-ში“ იბარებდნენ ჩემს მშობლებს, უნდათ დაცვა იმ ეკლესიის, რომელიც აქამდე მოვიტანეთ.
მივმართავ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ამით უნდა ინტერესდებოდეს. თუ ეს არ არის ხელისუფლების წარმართული და დაგეგმილი ძალადობა და მის მიერ შექმნილი გუშაგთა კორპუსი, საჩქაროდ დაიბარონ და საზოგადოებას აცნობონ იმ შედეგების შესახებ, რა ზეგავლენა მოახდინეს, რას აპირებენ მომავალში მისი უკანონო ქმედებების შესაზღუდად. ფაქტია, რომ გიორგი ქართველიშვილი სრულიად არაქართული წესებით, მუშტით აპირებს მთელს საქართველოში ოქტაგონის მოწყობას. მხედრიონსაც არ შევადარებდი. მხედრიონი სამშობლოს დასაცავადაც იბრძოდა, ისინი მხედრიონსაც ვერ გაუსწორდებიან ასეთი მიზნებით“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.
ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგის შემდეგ, “TV პირველი” ასევე დაინტერესდა რა იცის მებრძოლმა საქართველოს ისტორიიდან, თუმცა MMA-ს მებრძოლმა ამბროსი ხელაიაზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
