სოფიო სიგუა-შატბერავა ქმარს, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებს – ქალი ამბობს, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მას გუშინ საღამოს ისევ ურეკავდა.
სოფიო სიგუა-შატბერავა, რომელმა საჯაროდ ისაუბრა ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდებზე, ამბობს, რომ გუშინ საღამოსვე 112-ს დაუკავშირდა, თუმცა პოლიციაში უთხრეს, რომ სიგუას ალიბი აქვს და ზარიც მისი ტელეფონიდან შემთხვევით განხორციელდა.
იოსებ სიგუას ცოლთან “პირველებმა” ინტერვიუ დღეს დილით ჩაწერა – კომენტარის დროს კი პეიჯერზე (ელექსტრონული სამაჯურის მოწყობილობა, რომელიც დაზარალებულს აქვს იმისთვის, რათა იცოდეს, უახლოვდება თუ არა მოძალადე) ხმოვანი შეტყობინება შევიდა.
ქალის თქმით, ხმოვანი სიგნალი ნიშნავს, რომ იოსებს სიგუა მასთან 600 მეტრის რადიუსში იმყოფება. რამდენიმე წუთში, პეიჯერზე ხმა შეწყდა.
რომ დავინახე ზარი, ეგრევე გავთიშე, იმიტომ, რომ არ მაქვს მე მასთან საუბრის უფლება. მე რომ მისთვსი მეპასუხა, შეიძლება აქ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. აქედან გამომდინარე, ეგრევე გავთიშე და დავრეკე 112-ში. დავაფიქსირე ეს ყველაფერი, რომ მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი და მას მესამე პირით გამოსვლის უფლებაც არ აქვს ჩემზე. მერე უკვე მოდის პოლიცია მყისიერად, მაგრამ ამბობს, რომ ალიბად დაურეკია იოსებ სიგუას ადვოკატს, რომ მე და იოსებ სიგუა ვიყავით ერთად, ვამოწმებდით მის “ვათსაფს” რაც წარმოუდგენელია, რადგან გუშინ მტკიცებულებები იყო ძალიან დიდი, 200 გვერდამდე, სადაც “ვათსაფის” მიმოწერების სქრინები იყო. მანდ შესამოწმებელი არაფერი არ არის – აქედან გამომდინარე, ეს არის დიდი სიცრუე. ეფარება გვაზავას, გვაზავა იღებს იმ პასუხისმგებლობას, ალიბს, რომ თითქოს ერთად იყვნენ და ემოწმება, რომ მოძალადეს ჩემთან შემთხვევით, უბრალოდ არ უნდოდა დარეკვა, მაგრამ შემთხვევით … შემთხვევით მოვკალი, შემთხვევით, არ უნდოდა – გსაგებია, ეს არის ის ტექსტი, რაც ბევრი დანაშაულის დაფარვის დროს ბევრი დამნაშავე იყენებს. აი აგრესორი არის ახლოს, მის ეკრანზე წერია . ანუ 600 მეტრი გვქვს დაფარვა და ახლა მოგვშორდა, 600 მეტრი დატოვა მანდ”. – ამბობს სოფიო სიგუა-შატბერავა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაქუმებაზე უარი უთხრა.
რა ვიცით ძალადობის საქმეზე?
4 ივლისს სიგუას ცოლმა “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
