“დაუსჯელობა რუსეთში გავლენას მოახდენს იმ ადამიანების მოტივაციაზე, რომლებიც საქართველოში გამგზავრებას აპირებდნენ”, – ამბობს რუსი დეპუტატი ზატულინი რუსულ მედიასთან საუბრისას და კახეთის ინციდენტსა და გიორგი ჭიღლაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ეხმაურება.
“პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა, რომელმაც ეროვნებისა თუ მოქალაქეობის განურჩევლად, სხვა ადამიანს ზიანი მიაყენა, თუ საქმე მხოლოდ ამას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ ისინი, ვინც “ჩვენიანის არ გაცემის” მიდგომით მას ხელს აფარებენ, უბრალოდ თავად საქართველოს იმიჯს აზიანებენ. თუმცა, ჩემი აზრით, მოძალადის მეგობრების საქციელის განზოგადება თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანზე ან მთლიანად საქართველოზე არასწორი იქნებოდა” [ტაბულას თარგმანი]”, – თქვა მან.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თელავის რაიონულმა სასამართლომ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
