“ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…. 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი “, – წერს მაია კობახიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს
გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ერთ-ერთი ბიჭი, 17 წლის ნიკოლოზ ხუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”.
