სთენდაფერი ონისე ოქრიაშვილი, რომელსაც გუშინ ღამით ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ, ამბობს, რომ მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მინიმუმ 3 ადამიანი მონაწილეობდა.
ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ თავდამსხმელები სწორედ “ოცნების” მიერ დაქირავებული ტიტუშკები იყვნენ.
კომიკოსის თქმით, მსგავსი თავდასხმების მიუხედავად, ქართული კულტურა ამ უსმართლო ბრძოლაში უკომპრომისო იქნება.
ნოდარ დუმბაძე “ძალიან იამაყებდა” ალბათ ამ საქციელით, რომ 4-მა ადამიანმა ერთი ჩაქოლა ასე ჩასაფრებით. გარეთ ვიყავი ჩვეულებრივად და მაინც და მაინც შუაღამით სახლთან ჩამისაფრდნენ და ასე გამისწორდნენ. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო სხვა კომიკოსებს, რომლებსაც იგივე ჩასაფრება მოუწყო “ქართული ოცნების” მიერ დაქირავებულმა ტიტუშკებმა. მიშა მშვილდაძე მახსენდება, შეიძლება ჩემი შემთხვევა ბოლო არ იყოს და კიდევ ვინმეს გაუსწორდნენ ასე, მაგრამ რაც მთავარია, ზუსტად ვიცი, რომ ქართული კულტურა, ქართული სთენდაფი, ქართული კინო, ლიტერატურა, თეატრი უკომპრომისო იქნება მიანც ამ ბრძოლაში, – ამბობს ონისე ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ თავდასხმა წინდაწინ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, რადგან სახლი, სადაც კომიკოსს ჩასაფრება მოუწყვეს, მათზე რეგისტრირებული არ არის და ნაქირავებია.
ამასთან, ცოლის თქმით, არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ უცნობი პირების მობილიზება სახლთან დილიდანვე შენიშნეს.
ეს არ არის მისი იურიდიული მისამართი, არც ჩემი იურიდიული მისამართი, ეს არის ნაქირავები სახლი. ეს ამბავი რომ მოხდა, იქ ერთმა კაცმა თქვა, რომ ეს ბიჭები დილიდან აქ დგანანო და როგორც ჩანს, ელოდებოდნენ მის გამოჩენას, რომ შური ეძიათ აბსურდული მიზეზით. ეს თავდასხმა სამი ადამიანის მიერ მოხდა და ისე, ბოლო რამდენიმე დღეა მუდმივად იღებს მუქარებს პირად შეტყობინებებში, – ამბობს ოქრიაშვილის მეუღლე.
ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: “ნოდარ დუმბაძეს აგინე… ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო”.
რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას “აშავებენ”, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
