რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
ამასთანავე, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი – დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტურობას.
ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს – მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.
გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – აცხადებენ მერიაში.
სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილონამდე ლარია.
